07-ნოემბერი-2019

გაცნობებთ, რომ 2019 წლის 21 ნოემბრიდან, ძალაში შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც:

 

  • გაფართოვდა აქციზის გადამხდელ პირთა წრე. კერძოდ, დაემატა ის პირი, რომელიც ახორციელებს მის მიერ იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 (თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები), 2403 11 000 00 (ყალიონით მოსაწევი თამბაქო) 2403 19 000 00 (დანარჩენი) და 2403 91 000 00 (ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო)  კოდებში მითითებული საქონლის  მიწოდებას.

 

  • თამბაქოს ნაწარმს დაემატა თამბაქოს ნედლეული/თამბაქოს ნარჩენები და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქო, რომლის მიწოდებაც როგორც იმპორტიორის, ასევე, ადგილობრივი მწარმოებლის მიერ წარმოადგენს აქციზით დასაბეგრ ოპერაციას.                                 
  • საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 (თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები), 2403 11 000 00 (ყალიონით მოსაწევი თამბაქო) 2403 19 000 00 (დანარჩენი)  და 2403 91 000 00 (ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო)  კოდებში მითითებული საქონლის  მიწოდებაზე შემოღებულ იქნა შეზღუდვა. კერძოდ, მიწოდება  მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში. გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული საქონლის პირველად საფუთავებში დაფასოება აქციზური საქონლის წარმოებად არ განიხილება. შესაბამისად, ამ საქონლის  იმპორტისას ან შეძენისას გადახდილი აქციზი ჩათვლას არ ექვემდებარება.

 

აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამონათვალს დაემატა ზემოაღნიშნული თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის, თამბაქოს ნედლეული/თამბაქოს ნარჩენები) და სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის. აღნიშნული საქონელი ექვემდებარება მარკირებით  ნიშანდებას აქციზით დასაბეგრი ოპერაციის(მიწოდების) განხორცილებამდე, ამასთან, სეს ესნ-ის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00 და 3824 90 980 01 კოდებით გათვალისწინებული საქონელი იმპორტისას აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას არ ექვემდებარება.

 

თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს და შესახვევი თუთუნის  ნეტო მასით 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება (მ.შ. ნაშთად არსებულის), გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553-ე მუხლის შესაბამისად (პირველ ჯერზე - 2000, ხოლო განმეორებისას - 4000 ლარი). ამასთან, აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია - იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად.

 

თამბაქოს ნაწარმის  თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და  თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იქნეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

 

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში, თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ კანონები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილად.

 

•  საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4680433?publication=0#DOCUMENT:1

 

•  თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4680943?publication=0

 

•  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4680380?publication=0#DOCUMENT:1

ცნობის ფურცელი
ნოემბერი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930