ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის საგადასახადო ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

07-ივნისი-2019

6 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის საგადასახადო ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს იტალიის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალერიო ბარბანტინიმ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ.

ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება თანამშრომლობის შემდეგ საკითხებს მოიცავს: გადასახადების ადმინისტრირება; გადასახადების თავიდან არიდების წინააღმდეგ ბრძოლა; პერსონალის განვითარება და ტრეინინგი; საერთაშორისო დაბეგვრა; საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება (Transfer Pricing); კონტროლირებული ოპერაციების წინასწარი შეთანხმების პროცედურები (APA); ურთიერთშეთანხმების პროცედურები; ევროკავშირის კანონმდებლობა (acquis.). აღნიშნული, საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ საგადასახადო მოლოდინების (tax certainty-ის) გაზრდას და გადასახადის გადამხდელებისთვის სანდო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანასთან თანამშრომლობა როგორიც იტალიაა, როგორც მოგეხსენებათ ის გახლავთ OECD-ის ქვეყანა, ეს არის ძალიან მაღალი დონის საგადასახადო ადმინისტრაცია და საკითხები რომლებიც ამ მემორანდუმში არის გათავალისწინებული მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეს არის გადასახადის გადახდისგან თავის არიდების მიმართულებები, ეს არის საერთაშორისო კონტროლირებადი ურთიერთობების ე.წ (APA) ხელშეკრულების მიმართულებები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის საგადასახადო ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, მათი გამოცდილების გაზიარება, მომავალში, ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ასეთი ტიპის მემორანდუმები ძალიან წაადგება საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციას“ - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.

შეხვედრას, იტალიის მხრიდან, ორმხრივი APA/MAP განყოფილების ხელმძღვანელი საიმონ დი ვაია, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების სპეციალისტი ანდრეა ჯირეტი, ხოლო შემოსავლების სამსახურიდან, სამსახურის უფროსის მოადგილეები კახა ცერცვაძე და მამუკა ტერაშვილი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების, აუდიტის, იურიდიული და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები დავების ეფექტური და დროული მოგვარების საერთაშორისო სტანდარტებს გაეცნენ. ამასთან საშუალო რგოლის მენეჯერებმა და სხვა თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მოისმინეს ტრენინგი საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ურთიერთშეთანხმების პროცედურებისა (MAP) და საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარ შეთანხმებაზე (APA). მათ შორის საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

შემოსავლების სამსახურს, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიის საგადასახადო ადმინისტრაცია, ექსპერტულ დახმარებას გაუწევს, ხოლო ფინანსურ და ნაწილობრივ ექსპერტულსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB). ასევე თანამშრომლობის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები იტალიის საგადასახადო ადმინისტრაციას ესტუმრებიან.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აგვისტო 2019
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა