ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ)

რა სახის გადასახადია დღგ?

დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი) არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს  და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას), თუმცა ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც იწოდება დღგ-ის გადამხდელად.

დასვით კითხვა

რა შეთხვევაში ითვლება პირი დღგ-ის გადამხდელად?

პირი დღგ-ის ადამხდელად ითვლება თუ:
რეგისტრირებულია, ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად
ასევე, პირი რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე დღგ-ის ადამხდელად ითვლება  თუ:

  • ახორციელებს საქონლის იმპორტს ან დროებით შემოტანას საქართველოში, მხოლოდ ამ იმპორტზე ან დროებით შემოტანაზე. 
  • სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ახორციელებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორის საკუთრებაში გადაცემას მხოლოდ ამ ოპერაციაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას.   
  • მისი საქონლის რეალიზაცია ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების  გადახდევინების მიზნით, აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე.
  • მისი სამეურვეო ქონების რეალიზაცია ხდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე.

არარეზიდენტი (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა), რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების გარეშე, ითვლება დღგ-ის გადამხდელად მხოლოდ ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას.

დასვით კითხვა

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის მიხედვით, როდის არის ვალდებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს და როდიდან ითვლება დღგ-ის გადამხდელად?

თუ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, პირი  ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

დასვით კითხვა

გადამხდელი ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ და მისგან გათავისუფლებულ (ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე) ოპერაციებს. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება თუ არა გათავისუფლებული ოპერაციები?

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები.

დასვით კითხვა

პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში ან ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში, ვალდებულია თუ არა, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად?

პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში ან ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური საქონლის საქართველოში იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისაგან, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს აქციზური საქონლის მიწოდებამდე.

დასვით კითხვა

ფიზიკურმა პირმა გაყიდა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა (სახლი) მასზე დამაგრებული მიწით, გაყიდვის ღირებულებამ გადააჭარბა 100 000 ლარს. ვალდებულია თუ არა ფიზიკური პირი, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად და ამ ოპერაციაზე გადაიხადოს დღგ?

იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას,  ერთი საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაცია არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და შესაბამისად, ფიზიკურ პირს არ წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

დასვით კითხვა

ფიზიკური პირი აქირავებს საცხოვრებელ ბინას ან კომერციულ ფართს, რომლის შედეგად მიღებული შემოსავალი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს. ვალდებულია თუ არა ფიზიკური პირი, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად და გადაიხადოს დღგ?

ფიზიკური პირის მიერ ქონების გაცემა ქირით, იჯარით განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, შესაბამისად, თუ მიღებული შემოსავალი ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს, ფიზიკური პირი ვალდებულია ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად და გადაიხადოს დღგ დადგენილი წესის შესაბამისად.

დასვით კითხვა

ფიზიკურმა პირმა გაყიდა მის საკუთრებაში არსებული საწარმოს წილი, რომლის ღირებულება აღემატება 100 000 ლარს. ვალდებულია თუ არა ფიზიკური პირი, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად და გადაიხადოს დღგ?

საწარმოს წილის გაყიდვა, წარმოადგენს ფინანსურ ოპერაციას, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე. შესაბამისად, ფიზიკური პირი არ არის ვალდებული დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად და გადაიხადოს დღგ.

დასვით კითხვა

სესხის გაცემის შედეგად ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტები იბეგრება თუ არა დღგ-ით და ვალდებულია თუ არა ფიზიკური პირი დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად, თუ შემოსავლის ოდენობა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს?

ფიზიკური პირის მიერ პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი არ იბეგრება დღგ-ით  და ფიზიკური პირი არ არის ვალდებული დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად, რამდენადაც აღნიშნული ოპერაცია მიეკუთვნება ფინანსურ მომსახურებას, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.

დასვით კითხვა

შეუძლია თუ არა პირს ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად?

იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს, მას შეუძლია ნებაყოფლობით გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამ შემთხვევაში,  იგი დღგ-ის გადამხდელად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არა უგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადისა.

დასვით კითხვა

რა შემთხვევაში შეუძლია დღგ-ის გადამხდელს, მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით?

„1. დღგ-ის გადამხდელს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, თუ მის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა) საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი.

2. გადასახადის გადამხდელს შეუძლია განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, თუ ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ნებაყოფლობით გატარდა რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად;

ბ) რეგისტრაციის დღიდან არ გასულა 30 კალენდარულ დღეზე მეტი;

გ) არ დასტურდება ანგარიშ-ფაქტურის გატანა-გამოწერის ფაქტი;

დ) არ არის წარდგენილი დღგ-ის დეკლარაცია.“

დასვით კითხვა

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა საწარმომ მეორე საწარმოს უსასყიდლოდ მიაწოდა საქონელი. დაიბეგრება თუ არა დღგ-ით აღნიშნული ოპერაცია?

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საწარმოს მიერ მეორე საწარმოზე საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და საქონლის კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში,  დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე.

დასვით კითხვა

საწარმომ მეორე საწარმოსაგან ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მიიღო შემოსავალი პირგასამტეხლოს სახით. დაიბეგრება თუ არა დღგ-ით პირგასამტეხლოს თანხა?

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე. შესაბამისად, პირგასამტეხლოს თანხა დღგ-ით არ იბეგრება.                                                               

დასვით კითხვა

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, საქონლის ნაშთი ექვემდებარება თუ არა დღგ-ით დაბეგვრას?

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, რეგისტრაციის გაუქმების თარიღის წინა დღისათვის საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა, განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის საბალანსო ნაშთით.

დასვით კითხვა

მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდება იბეგრება თუ არა დღგ-ით (რადგან მიწის ნაკვეთის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისაგან)?

დღგ-ის მიზნებისათვის მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად და მიღებული/მისაღები კომპენსაციის თანხა სრულად ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

დასვით კითხვა

ტურისტულმა სააგენტომ განახორციელა ტურისტული ჯგუფის საზღვარგარეთ გაგზავნა და შესაბამისი მომსახურების გაწევა. აღნიშნული ოპერაცია განიხილება თუ არა ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციად?

აღნიშნული ოპერაცია არ განიხილება დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციად და იბეგრება დღგ-ით. ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულია მხოლოდ ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება.

დასვით კითხვა

რომელი დოკუმენტი ითვლება დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად?

დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტებია:

ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა  (მ.შ. ავანსის);

ბ) საბაჟო დეკლარაცია;

გ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთა მიერ მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ტარიფები დადგენილია დღგ-ის ჩათვლით, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით;                  

დ) სსკ-ის 1761 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის (მათ შორის, დღგ-ის თანხის) ოდენობა.

ე) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დასვით კითხვა

რა შემთხვევაში ხორციელდება დღგ-ის ჩათვლა?

დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 
ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებულ იქნება: 
ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა;
ა.ბ) საქონლის რეექსპორტში ან/და ექსპორტში;
ა.გ) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის;
ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ  სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისათვის ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევისათვის;

ბ) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის წარმოებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის.

დასვით კითხვა

თუ იმპორტის განხორციელებისას პირი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და რეგისტრაციაში გატარდა იმპორტის განხორციელების შემდეგ, ჩაითვლის თუ არა საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხას?

მოცემულ შემთხვევაში, დღგ-ის ჩათვლა განხორციელდება მხოლოდ დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ (არარეალიზებულ) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე, საბაჟო დეკლარაციის მიხედვით.

დასვით კითხვა

პირი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 5 თებერვალს, 2019 წლის 15 იანვარს შეძენილი ჰქონდა 50 ცალი კომპიუტერი 41 300 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით). პირმა გამყიდველს საფ-ის გამოწერა მოსთხოვა 2019 წლის 18 თებერვალს და იმავე დღესვე გამოიწერა საფ-ი მთლიან ოპერაციაზე. დღგ-ის რა თანხაზე შეძლებს პირი ჩათვლის მიღებას, თუ რეგისტრაციის მომენტისთვის ნაშთად ერიცხებოდა 28 084 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) 34 კომპიუტერი ?

მოცემულ შემთხვევაში, მყიდველი უფლებამოსილია საფ-ის საფუძველზე თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციაში დადგენილი წესის შესაბამისად, ჩაითვალოს 34 კომპიუტერის ღირებულების შესაბამისი დღგ-ის თანხა - 4 284 ლარი (რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის მასთან არსებული საქონლის ნაშთზე გადახდილი დღგ-ის თანხა).

დასვით კითხვა

როგორ ხორციელდება ძირითადი საშუალებების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლა?

ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება:

ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, და ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას;

ბ) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება არ აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა;

გ) ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:

გ.ა) თუ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს  გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად;

  გ.ბ) დღგ-ის გადამხდელს,  გარდა „გ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად.

  ყოველწლიურად გასაუქმებელი ან ჩასათვლელი დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:

ა) შენობა-ნაგებობებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;

 ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.

დასვით კითხვა

საწარმომ საკონტროლო-სალარო აპარატი შეიძინა აპრილის თვეში, ხოლო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა მაისის თვეში. ჩაითვლის თუ არა პირი საკონტროლო-სალარო აპარატის შეძენისას გადახდილ დღგ-ს თანხას?

მოცემულ შემთხვევაში საწარმო ვერ ჩაითვლის საკონტროლო-სალარო აპარატის შეძენაზე გადახდილ დღგ-ის თანხას, რამდენადაც ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება.                                                                                                                                                

დასვით კითხვა

როგორ ხდება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში?

დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით. ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.

დასვით კითხვა

დღგ-ის გადამხდელს არარეზიდენტმა პირმა საქართველოს ტერიტორიაზე გაუწია მომსახურება, დღგ-ის გადამხდელი შეძლებს თუ არა უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის ჩათვლას და რის საფუძველზე?

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა,  იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია. შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა ჩაითვალოს იმავე დეკლარაციით, სსკ-ით ჩათვლისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

დასვით კითხვა

როგორ ხდება არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა?

არარეზიდენტის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება დაიბეგრება დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით.  საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე.

უკუდაბეგვრის მიზნებისათვის საგადასახადო აგენტად ითვლება ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი) და არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულება. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია თუ არა დღგ-ის გადამხდელად.

დასვით კითხვა

საქართველოს რეზიდენტმა არარეზიდენტი პირისგან შეიძინა არამატერიალური აქტივი, კერძოდ ლიცენზია. აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრება თუ არა დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით?

არარეზიდენტი პირისაგან არამატერიალური აქტივის შეძენა ექვემდებარება დღგ-ის  უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი  (ანუ საქართველო). შესაბამისად, არარეზიდენტისათვის არამატერიალური აქტივის შესაძენად გადახდილი/გადასახდელი თანხა დაიბეგრება დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით უკუდაბეგვრის წესით.

დასვით კითხვა

არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებასთან შედარებით, საგადასახადო აგენტი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოში წარდგენილია უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშება და უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა გადახდილია ბიუჯეტში. შესაძლებელია თუ არა უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის დაზუსტება და რა წესით?

უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშება (დღგ-ის არ გადამხდელი პირის მიერ) საგადასახადო ორგანოს წარედგინება მომსახურების გაწევის საანგარიშო პერიოდის მიხედვით. ამასთან,  იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ადგილი აქვს დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების შემთხვევებს, რომლის შედეგად საგადასახადო ორგანოში ადრე წარდგენილ გაანგარიშებაში დღგ-ის თანხა აღნიშნულია არასწორად, ამ  შემთხვევაში შეივსება გაანგარიშების II ნაწილი და მოხდება უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის დაზუსტება.

დასვით კითხვა

პირი, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ახორციელებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორის საკუთრებაში გადაცემას, ითვლება თუ არა დღგ-ის გადამხდელად?

პირი, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ახორციელებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორის საკუთრებაში გადაცემას, დღგ-ის გადამხდელად ითვლება მხოლოდ ამ ოპერაციაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე. 

დასვით კითხვა

კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, კორექტირების შედეგები როგორ აისახება დღგ-ის დეკლარაციაში?

კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული შედეგი დღგ-ის დეკლარაციაში აისახება დეკლარაციის მე-III ნაწილს (დღგ-ის საერთო თანხის გაანგარიშება)  მე-6 ან მე-7 სტრიქონებზე, როდესაც ხდება ბრუნვის კორექტირება, ხოლო ჩასათვლელი თანხის კორექტირების შედეგები აისახება  ამავე ნაწილის მე-13 ან მე-14 სტრიქონზე.

დასვით კითხვა

რა შემთხვევაში შეუძლია გადასახადის გადამხდელს, გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა?

გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწეროს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის დღიდან განხორციელებულ ოპერაციებზე.

დასვით კითხვა

როგორ ხდება საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა?

საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, იმავდროულად დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია. 

დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს ჩაითვალოს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით გადახდილი ან გადასახდელი დღგ-ის თანხა.

დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და ძირითად საშუალებად გამოყენების საანგარიშო პერიოდში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა ჩაითვალოს:

  •  იმავე დეკლარაციით სრულად, თუ შენობა-ნაგებობა გამოყენებულ იქნა ან/და გამოყენებული იქნება მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც პირს აქვს ჩათვლის მიღების უფლება;
  •  იმავე დეკლარაციით სრულად თუ შენობა-ნაგებობა გამოყენებულ იქნა ან/და გამოყენებული იქნება ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ისეთ ოპერაციებში, რომელთა გამიჯვნა შეუძლებელია და პირის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია;
  •  სხვა შემთხვევაში ნაწილობრივ, კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად.
დასვით კითხვა

შესაძლებელია თუ არა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა, თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით?

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, სსკ-ით ჩათვლისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

ამ შემთხვევაში ჩათვლის მიღების საფუძველია მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადასახდელი დღგ-ის თანხის საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.

დასვით კითხვა

Close