ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

საგადასახადო სამართალდარღვევა

რა არის საგადასახადო სანქცია?

 საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

   საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 

 

დასვით კითხვა

რა შემთხვევაშია ვალდებული გადასახადის გადამხდელი, გადაიხადოს საურავი ?

თუ კუთვნილი გადასახადის თანხა გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ არის გადახდილი, პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი. 

 

დასვით კითხვა

როგორ ხდება საურავის დარიცხვა ?

საურავი ერიცხება საგადასახადო დავალიანების ძირ თანხას, საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის მომდევნო კალენდარული დღიდან (იმპორტის გადასახდელებზე – ვალდებულების წარმოშობის მეოთხე დღიდან) თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 0,06 პროცენტის ოდენობით. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღეც ითვლება ვადაგადაცილებულ დღედ. საგადასახადო სანქციას საურავი არ ერიცხება. 

დასვით კითხვა

დაერიცხება თუ არა გადასახადის გადამხდელს საურავი, თუ მან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა კუთვნილი გადასახადი, ხოლო სხვა გადასახადებში გააჩნია ამავე მოცულობის ზედმეტად გადახდილი თანხები?

ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს არ დაერიცხება საურავი, ვინაიდან საურავი ერიცხება საგადასახადო დავალიანების თანხას, რომელიც გამოიანგარიშება ყველა გადასახადის მიხედვით და იგი არის სხვაობა პირის შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და მის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის.

დასვით კითხვა

რა დოკუმენტი დგება საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას?

საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა დაფიქსირებულია საგადასახადო შემოწმების აქტში. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. 

 

დასვით კითხვა

რა ვადაშია შესაძლებელი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება?

პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

დასვით კითხვა

რა შემთხვევაში ითვლება საგადასახადო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად?

საგადასახადო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგი ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, ხოლო, რაც შეეხება საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებს, აღნიშნული სამართალდარღვევები განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.

 
დასვით კითხვა

რა შემთხვევაშია შესაძლებელი გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდეს საგადასახადო სანქციისაგან?

საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს საგადასახადო სანქციისაგან გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადამხდელი, თუ მის ქმედებას ზიანი არ მიუყენებია სახელმწიფო ბიუჯეტისათვის და სამართალდარღვევა გამოწვეული იყო შეცდომით/არცოდნით.

დასვით კითხვა

რა შემთხვევაშია შესაძლებელი პირის მიმართ საგადასახადო სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენება?

საგადასახადო სანქციის სახით გაფრთხილება შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-14 ნაწილითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

დასვით კითხვა

რა შემთხვევაში შეიძლება საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა?

საგადასახადო სანქცია არ დაეკისრება პირს, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის პირობებით;

დაუძლეველი ძალის პირობებად ითვლება ისეთი საგანგებო და/ან განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც შეუძლებელი ხდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება და რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:

- სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვ.);

- საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები;

- მასობრივი არეულობა, გაფიცვა.

 
დასვით კითხვა

რა სახის ჯარიმა დაეკისრება პირს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის?

პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

დასვით კითხვა

რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება პირს, თუ მან საგადასახადო ორგანოში მოგების გადასახდის დეკლარაცია ნაცვლად 1-ლი აპრილისა წარადგინა 1-ლ ივლისს ?

ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა ამ დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ თვეზე (არასრული თვეები ერთ თვედ ჯამდება). ამასთან, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 30 პროცენტს და არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები. ამასთან, თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს დეკლარაციის დაგვაინებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.

დასვით კითხვა

რა სანქცია შეეფარდება გადასახადის გადამხდელს, თუ მან საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დეკლარაცია, რომლის თანახმადაც ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1000 ლარი, ხოლო საგადასახადო შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ გადამხდელს ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 1500 ლარი?

გადამხდელის მიერ დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში გადამხდელს დაერიცხება ჯარიმა შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამასთან, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 50 000 ლარზე მეტით შემცირება განიხილება გადასახადისაგან დიდი ოდენობით თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. 

 

დასვით კითხვა

რა თანხით დაჯარიმდება სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირი, თუ საქმიანობას ახორციელებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ნიშნის გარეშე?

სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევა პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 

დასვით კითხვა

რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება გადასახადის გადამხდელს, რომელმაც ინფორმაცია საანგარიშო წლის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული/დასაკავებელი გადასახადის შესახებ საგადასახადო ორგანოში წარადგინა 15 თებერვალს?

აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

დასვით კითხვა

რა ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს კანონმდებლობა საკონტროლო–სალარო აპარატის გარეშე მუშაობის შემთხვევაში?

მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო–სალარო აპარატის გარეშე მუშაობა იწვევს გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით .

დასვით კითხვა

რა სახის ფინანსური სანქცია გამოიყენება მყიდველთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის გაუცემლობის შემთხვევაში?

მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო–სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. 

 

დასვით კითხვა

რა სანქცია შეეფარდება გადასახადის გადამხდელს, თუ მან მომხმარებლისგან მიიღო 200 ლარი, ხოლო საკონტროლო–სალარო აპარატის ჩეკი ამობეჭდა 100 ლარზე?

ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

დასვით კითხვა

საწარმოს მიერ განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ოპერაციებმა 12 უწყვეტი თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს; აღნიშნულის მიუხედავად, საწარმომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე გააგრძელა საქმიანობა. რა სახის ჯარიმა დაეკისრება საწარმოს?

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 15%-ის ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში პირს დეკლარაციის დაგვიანებით წარმოდგენისათვის სსკ-ის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება .

დასვით კითხვა

რა სახის ჯარიმაა დაწესებული გადასახადის გადამხდელის ობიექტში საგადასახადო ორგანოს მიერ აღურიცხავი საქონლის გამოვლენის შემთხვევაში?

სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით.

დასვით კითხვა

რა შემთხვევაში არ დაჯარიმდება პირი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტის გამოვლენისას?

პირს საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება:

ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში;

ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში; 

გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას;

დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.

ე) გაზეთების, ჟურნალებისა და მათი გამომცემლების მიერ მათთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა. 

ვ) საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის (სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის, ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას;  

ზ) თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება. 

 
დასვით კითხვა

Close