ინფორმაციის განახლების თარიღი: 31 დეკემბერი 2013

პროექტის შესახებ

 

იმიტირებული საგადასახადო დავა შემოსავლების სამსახურის ახალ პროექტია და წლეულს პირველად ტარდება.

პროექტი მიზნად ისახავს საგადასახადო სამართლისადმი სტუდენტების ინტერესის გაზრდას,  ამ სფეროში აკადემიური სწავლებისა და კვლევის წახალისებას, სტუდენტების მიერ აკადემიური წერის, ზეპირი პრეზენტაციისა და დებატების არგუმენტირებულად წარმართვის უნარის ამაღლებას, მათთვის საგადასახადო დავის პროცესის პრაქტიკული მხარეების გაცნობასა და  ასეთ დავებში მონაწილეთათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას. სტუდენტებს შეჯიბრების დროს შეაფასებენ საგადასახადო სამართლის ცნობილი სპეციალისტები.

შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი განათლების აკრედიტებულ დაწესებულებათა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, მიუხედავად სპეციალიზაციისა. იმიტირებულ საგადასახადო დავაში მონაწილეობისათვის აუცილებელია გუნდის რეგისტრაცია (იხ. ჩვენი ვებ-გვერდი: www.rs.ge; სრულად შევსებული რეგისტრაციის ფორმა უნდა გამოიგზავნოს მითითებულ ელ.მისამართზე).

შეჯიბრება შედგება ორი (წერილობით და ზეპირი) ეტაპისაგან. პირველი ეტაპი წერილობითია: გუნდები, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, წარმოადგენენ კომისიის მიერ გამოქვეყნებულ კაზუსზე წერილობით საჩივარსა და შესაგებელს. ამ ნაშრომში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, გუნდი მეორე ეტაპზე გადადის

მეორე (ზეპირი) ეტაპი შედგება ორი ტურისგან: შესარჩევი და ფინალური ტურებისაგან. შეჯიბრებისას სტუდენტებს შეაფასებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტებისათვის დაწესებულია ჯილდოები.