უფლებამოსილი ექსპორტიორი

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420-ე დადგენილებაში („საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების,წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესისდამტკიცების თაობაზე“) განხორციელებული ცვლილების მიხედვით, დაინერგა „უფლებამოსილი ექსპორტიორის“ ინსტიტუტი.

 

პირი - „უფლებამოსილი ექსპორტიორის“ სტატუსის მისაღებად  დადგენილი ფორმის განაცხადით - მიმართავს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სტატუსის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) რეგისტრირებული უნდა იყოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

ბ) ექსპორტიორის განაცხადის შემოსავლების სამსახურში წარდგენისას:

ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-5, მე-11, მე-19, 21-ე და 24-ე ნაწილებით გათვალისწინებული:

ბ.ა.ა) პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან

ბ.ა.ბ) სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 12 თვის გასვლა;

ბ.ბ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების არქონა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება);

ბ.გ) ბოლო უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქართველოდან პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტის განხორციელება არანაკლებ 6-ჯერ და არანაკლებ 100 000 ლარის საერთო ღირებულებით;

გ) საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

 

ზემოაღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა ევროკავშირის 28 ქვეყნაში („ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ 2014 წლის 27 ივნისის ასოცირების შესახებ შეთანხმების  I ოქმის შესაბამისად), ასევე თურქეთში („საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმის  შესაბამისად) - პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტზე წარმოშობის სერტიფიკატის EUR.1 აღების ნაცვლად, თავად შეადგინონ „წარმოშობის დეკლარაცია”, არ აიღონ წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ყოველი ექსპორტის განხორციელებისას და ისარგებლონ საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული  პრეფერენციული რეჟიმით ქართული წარმოშობის საქონელზე.

            „წარმოშობის დეკლარაციის“  შედგენა შეუძლია ნებისმიერ ექსპორტიორს არა უმეტეს 6 000 ევროს ღირებულების პრეფერენციული წარმოშობის საქონელზე და უფლებამოსილ ექსპორტიორს ნებისმიერი ღირებულების პრეფერენციული წარმოშობის საქონელზე.