ხშირად დასმული კითხვები

მოგების გადასახადი

გადასახადის გადამხდელს გასულ საგადასახადო წელს არ გააჩნდა დასაბეგრი მოგება, მომდევნო საანგარიშო წელს უნდა გადაიხადოს თუ არა მიმდინარე გადასახდელები?

გადასახადის გადამხდელს, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ გააჩნდა დასაბეგრი შემოსავალი (მოგება) მომდევნო საანგარიშო წელს მიმდინარე გადასახდელებს არ გადაიხდის. 

 

რა განაკვეთით იბეგრება საწარმოს დასაბეგრი მოგება?

საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15 პროცენტით, გარდა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებების“ განხორციელების შედეგად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგებისა, რომელიც იბეგრება 10 პროცენტით, თუ ეს ხელშეკრულებები დადებულია 1998 წლის 1 იანვრამდე.

 

საწარმომ რა ვადებში და რა ოდენობით უნდა გადაიხადოს მოგების მიმდინარე გადასახდელების თანხები?

საწარმო ვალდებულია მოგების მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანოს გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგ ვადებში და ოდენობით: ა) არა უგვიანეს 15 მაისისა – 25%; ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25%; გ) არა უგვიანეს 15 სექტემბერისა – 25%; დ) არა უგვიანეს 15 დეკემბერისა – 25%. 

 

ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტი იბეგრება თუ არა მოგების გადასახადით?

ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტი განთავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან. 

 

გადასახადის გადამხდელს აქვს თუ არა უფლება უიმედო ვალი გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან?

 გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს რეალიზებულ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, რომელთა მიხედვით მისაღები შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილი იყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.

 უიმედო ვალების გამოქვითვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ჩამოწერილია და ასახულია გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშგებაში.

 ამასთან, უიმედო ვალი არის საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: 

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) ცნობა აღსრულების ორგანოდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე; 

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;

დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა. 

(სსკ-ის მე–8 მუხლი)

 

ერთმა საწარმომ მეორეს აჩუქა ქონება. ასეთ შემთხვევაში რა ვალდებულებები უჩნდება თითოეულ მათგანს მოგების გადასახადის მიზნებისათვის?

საწარმოსათვის ქონების ჩუქებით გადაცემა საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება მიწოდებად და შესაბამისად, მიღებული ნამეტი შემოსავლები შეიტანება ერთობლივ შემოსავალში ამ ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და მოგების გადასახადით დაიბეგრება არსებული წესით. საწარმოს მიერ ქონების ჩუქებით მიღებისას, საკუთრების უფლების წარმოშობისთანავე, ეს ქონება შეიტანება ერთობლივ შემოსავალში ასევე საბაზრო ღირებულებით და დაიბეგრება მოგების გადასახადით არსებული წესის შესაბამისად.

შპს დარეგისტრირდა 2008 წლის სექტემბერში, მაგრამ საქმიანობა არ განუხორციელებია 2009 წლის მარტის თვემდე. უნდა წარადგინოს თუ არა 2008 წლის საგადასახადო პერიოდის მიხედვით მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია?

თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, მაგრამ ამ წლის 1 დეკემბრამდე, მისთვის პირველ საგადასახადო პერიოდს წარმოადგენს დროის მონაკვეთი მისი დაფუძნების დღიდან ამ წლის ბოლომდე. შესაბამისად, 2008 წლის სექტემბერში დაფუძნებული შპს-სთვის პირველ საგადასახადო პერიოდს წარმოადგენს დროის მონაკვეთი მისი დაფუძნების დღიდან 2008 წლის ბოლომდე და მიუხედავად იმისა, რომ შპს-ს სამეურნეო ოპერაციები არ განუხორციელებია, იგი ვალდებულია 2008 წლის საგადასახადო პერიოდის მიხედვით წარადგინოს მოგების გადასახადის (ნულოვანი) დეკლარაცია 2009 წლის 1 აპრილამდე.

 

იბეგრება თუ არა სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება?

მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:

• 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს; 

• 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება;

ამასთან, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ით გათვალისწინებული საქმიანობა. 

ხოლო, სოფლის მეურნეობის პროდუქცია კი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა). 

 

გამოიქვითება თუ არა ერთობლივი შემოსავლიდან საწარმოს მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შეწირულობის თანხა?

 ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული თანხა, აგრეთვე ერთობლივ შემოსავალში ასახული უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის (გარდა უძრავი ქონებისა)/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი, მაგრამ არაუმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (ამ მუხლით გათვალისწინებული გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტისა.

გადასახადის გადამხდელს შეუძლია თუ არა შემცირებული ოდენობით გადაიხადოს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელები?

გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შემცირებული ოდენობით გადაიხადოს, ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელები, თუ გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება) მცირდება არანაკლებ 50%-ით და ამის შესახებ მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს საგადასახადო ორგანოს. 

შეიძლება თუ არა მოგების დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება?

მოგების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება შესაძლებელია გაგრძელდეს 3 თვით, თუ პირს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები (ან არ აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება) და საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებით არ იცვლება გადასახადის გადახდის ვადა. 

 

 

წლიური შედეგებით საწარმოს მიღებული აქვს ზარალი. როგორ აისახება ის დეკლარაციაში?

საანგარიშო წლის მიხედვით მიღებული ზარალი აისახება მოგების გადასახადის დეკლარაციის 33-ე უჯრაში - „გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე“, რომელიც შეადგენს 31-ე (ერთობლივი შემოსავალი) და 30-ე (გამოქვითვები) უჯრების მონაცემთა უარყოფით სხვაობას (ზარალს).  

იხდის თუ არა ამხანაგობა მოგების გადასახადს?

ამხანაგობა და სხვა ანალოგიური წარმონაქმნი მოგების გადასახადს გადაიხდიან საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის გათვალისწინებით.

Close
Captcha image
Show another codeსხვა კოდი