ხშირად დასმული კითხვები

მცირე ბიზნესი

ვის შეიძლება მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი?

 მცირე ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არის მეწარმე ფიზიკური პირი (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმე) და იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს შესაძლებელია ჰყავდეს დაქირავებული(საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-11). 
 

რომელი საქმიანობაა აკრძალული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის?

მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობებია: 

1. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს ლიცენზირებას ან ნებართვას

2. საქმიანობა, რომელიც საწიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება)

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;

5. სათამაშო ბიზნესი;

6. პერსონალით უზრუნველყოფა;

7. აქციზური საქონლის წარმოება (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილება, დანართი N5).

 

როგორ იბეგრება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის შემოსავალი?

 

მცირე ბიზნესის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს აღნიშნული აქვს ერთობლივი შემოსავლთან დაკავშირებული 60%-ის ხარჯის (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები.

სხვა შემთხვევებში, მცირე ბიზნესის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის შემოსავალი იბეგრება  5%-იანი განაკვეთით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-13).

 

 

ვალდებულია თუ არა მცირე ბიზნესის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დაუკაოს გადახდის წყაროს გადასახადი ?

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს კალენდარული წლის განმავლობაში ერთობლივი შემოსავლის 25%-ის ფარგლებში გაცემულ სახელფასო ხარჯზე გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება. ხოლო ერთობლივი შემოსავლის 25%-ის ზემოთ გაცემულ სახელფასო თანხაზე ეკისრება საგადასახადო აგენტის ვალდებულება. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია 25%-ის ზემოთ გაცემულ სახელფასო თანხაზე საანგარიშოს მომდევნო წლის 15 იანვრამდე დაიანგარიშოს და ბიუჯეტში ჩარიცხოს გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი, რომელსაც იგი წარადგენს საგადასახადო ორგანოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-15).

რა გზითაა შესაძლებელი მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება?

მცირე ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად მეწარმე ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრს ან ელექტრონულად წარადგენს განცხადებას შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის - www.rs.ge-ს მეშვეობით. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში გონივრულ ვადაში გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს. სერტიფიკატი ძალაშია შემდგომ საანგარიშო პერიოდებშიც, თუ ფიზიკურ პირს არ უუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-12).

აბარებს თუ არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას?

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს გამარტივებული საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-15).

იხდის თუ არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი მიმდინარე გადასახადს?

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია მიმდინარე გადასახდელების თანხა ბიუჯეტში შეიტანოს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს მიმდინარე გადასახადის გადახდა არ ევალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მან საქმიანობა დაიწყო ან/და მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა მიმდინარე საანგარიშო წელს ან მას წინა საანგარიშო წელს მინიჭებული ჰქონდა მცირე ბიზნესის სტატუსი და იგივე წელი დაასრულა მიკრობიზნესის სტატუსით. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-15)

მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში როგორ იბეგრება პირის მიერ მიღებული შემოსავალი?

თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი, მის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში სტატუსის გაუქმებამდე მიღებული შემოსავალი ექვემდებარებამცირე ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური წესით დაბეგვრას;  ხოლო სტატუსის გაუქმების შემდეგ მიღებული შემოსავალი კი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საერთო წესს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-14).

ევალება თუ არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში - წყაროსთან გადასახადის დაკავება?

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში არ ევალება  წყაროსთან გადასახადის დაკავება; ამასთან, არარეზიდენტი პირისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში იგი ვალდებულია, ოპერაცია დაბეგროს დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-15)

რომელია ის საქმიანობები, რომლებიც შესაძლოა აწარმოოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა თავისი საქმიანობის პარალელურად, თან არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით (დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით);ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ იქნება გათვალისწინებული მცირე ბიზნესის 100 000 ლარიანი ზღვარის განსაზღვრისას?

აღნიშნულ საქმიანობებია:

1. ქონების იჯარით გაცემა

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი

3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგება

4. ჩუქება

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონებნის რეალიზაციით:

ა) უძრავი ქონება

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება

გ) ფასიანი ქაღალდები.

6. მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი

7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი

8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი

9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი

10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი

11. პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი. (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილება, დანართი N4).

 

თუ კალენდარული წლის განმავლობაში პირი გადაწყვეტს დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მცირე ბიზნესზე გადასვლას, როგორ დაიბეგრება მისი შემოსავალი?

 მიმდინარე საანგარიშო წელს დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მცირე ბიზნესზე გადასვლის შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ წელს) მიღებული შემოსავალი (მათ შორის მცირე ბიზნესის მინიჭებამდე მიღებული შემოსავალიც) ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესის სტატუსით დადგენილ წესს. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-14).

 

იყენებს თუ არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი საკონტროლო-სალარო აპარატს?

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აწარმოოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-16). 

რა შემთხვევაში გაუქმდება მეწარმე ფიზიკური პირის მცირე ბიზნესის სტატუსი?

მეწარმე ფიზიკურ პირსმცირე ბიზნესის სტატუსი გაუუქმდება, თუ:

ა) მიმართა საგადასახადო ორგანოს წერილობითი განცხადებით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 150 000 ლარს. 

გ) მეწარმე ფიზიკურმა პირმა აწარმოა მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა;

დ) პირისთვის სავალდებულო გახდა  დღგ-ის რეგისტრაციაზე დადგომა 

 ე) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 100 000 ლარს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-18).

 

რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება მეწარმე ფიზიკურ პირს, თუკი იგი ეწევა მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას?

 

ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას, დაჯარიმდება სსკ-ის 288-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარის ოდენობით. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი იმ შემთხვევაშიც დაჯარიმდება, თუკი მას კალენდარული წლის განმავლობაში  საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის 3-ჯერ დაეკისრება სანქცია.

 

როგორ უნდა მოიქცეს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, თუ ის ვალდებული გახდება დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ?

თუკი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია, გაიაროს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ვალდებულება, მან უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომ დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად. რეგისტრაციისთანავე მას ავტომატურად გაუუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი და გათავისუფლდება დაბეგვრის სპეციალური რეჟიმიდან. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-19).

 

რა სახის კონტროლია შესაძლებელი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ?

 

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ შესაძლებელია შემდეგი სახის კონტროლი:

ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა

ბ) დათვალიერება

გ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა

დ) ქრონომეტრაჟი

ე) ინვენტარიზაცია 

(საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-20).

 

 

მეწარმე ფიზიკურმა პირმა თავიდან უნდა მიმართოს მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს სტატუსის ხელახალი მინიჭების გამო?

მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი, უფლება აქვს სტატუსის ხელახალი მინიჭების გამო მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, თუკი ის აკმაყოფილებს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილ მოთხოვნებს და ქვემოჩამოთვლილ ორივე პირობას:

ა) თუ სტატუსის გაუქმებიდან მომავალი 12 კალენდარული თვის განმავლობაში წარმოებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს

ბ) ,,ა” ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ სტატუსის გაუქმებიდან 12 კალენდარული თვის მომდევნო წლიდან პირი არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად(საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-12).

 

ვალდებულია თუ არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი აწარმოოს ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა?

 

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ასახავს  ხარჯის  შესახებ ინფორმაცია ს. აღნიშნული ჟურნალის გახსნა შესაძლებებლია ყოველ კალენდარულ წელზე და იგი გადამხდელმა უნდა შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი იყენებს დასაბეგრი შემოსავლის 3%-იანი დაბეგვრის უფლებას, იგი ვალდებულია ამ შემოსავალთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯი დაადასტუროს საქართველოს საგადასახდო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-16).

 

 

შესაძლებელია თუ არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას დაევალდებულოს დეკლარაციის ჩაბარება?

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისთანავე საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-15).

რომელი ფორმის დეკლარაციას უნდა ჩააბაროს პირმა, თუ მას მიმდინარე წლის განმავლობაში გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი და მყისვე გადავიდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ჩვეულებრივი რეჟიმზე?

ასეთ შემთხვევაში პირი მიმდინარე საანგარიშო წლის მომდევნო წლის პირველ აპრილამდე აბარებს გამარტივებული ფორმის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას და მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებამდე ბეგრავს მიღებულ შემოსავალს მცირე ბიზნესისათვის დადგენილი განაკვეთით. ამასთან, თუკი პირი მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემდგომ აგრძელებს საქმიანობას, იგი ამავე ვადაში აბარებს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას და სტატუსის გაუქმების შემდეგ ბეგრავს მიღებულ შემოსავალს  საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით.

Close
Captcha image
Show another codeსხვა კოდი