რა არის Tax Free

Tax Free .გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნებას.

საქონელი შეძენილი უნდა იყოს იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ს თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის მიწოდება უნდა იბეგრებოდეს დღგ-ით.

Tax Free ქვითრის მიღების წესები მაღაზიებისთვის

ქვითრის გაცემის უფლების მისაღებად დაინტერესებულ პირმა განცხადებით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრს. განცხადებაში უნდა მიუთითოს:

 

• იმ ობიექტის (ობიექტების) მისამართი, სადაც განხორციელდება ქვითრის გამოწერა
• დაურთოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (200 ლარი იურიდიულ პირზე)

*დაინტერესებული პირი უნდა იყოს დღგ-ს გადამხდელი და არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება

შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას ქვითრის გაცემის უფლების მინიჭების თაობაზე. სპეციალური ქვითარი გაიცემა 12 თვით. შემდეგ ეს მონაცემები, შემოსავლების სამსახურს, შეაქვს ელექტრონულ სისტემაში - მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში. ბაზის მომხმარებლებს მიენიჭებათ საკუთარი სახელი და პაროლი.

მონაცემთა ავტომატიზებული ბაზაში, რეგისტრირდება უცხოელის მიერ საქართველოში საქონლის შეძენის, საქონლის საზღვარზე გატანის და საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე მონაცემები, ასევე ინფორმაცია უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე.



უფლებამოსილი სავაჭრო ობიექტის ვალდებულებები

სავაჭრო ობიექტს, რომელსაც Tax Free ქვითრის გაცემის უფლება მიეცემა გარკვეული ვალდებულებებიც დაეკისრება, ესენია:

 

•  არ გასცეს სპეციალური ქვითარი იმ საქონელზე, რომელზეც არაა ნებადართული გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება
•  არ გასცეს სპეციალური ქვითარი საქონელზე, თუ მისი ჯამური ღირებულება (დღგ-ის გარეშე) ერთი ქვითრის მიხედვით არ აღემატება 200 ლარს
•  განუმარტოს მყიდველს შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები
•  სავაჭრო ობიექტის წინა ფასადზე გაკეთდეს მინიშნება - "გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა" - Tax Free
•  ელექტრონულ სისტემაში შეიტანოს მონაცემები უცხოელისა და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ
•  უფლებამოსილი გამყიდველი ვალდებულია ქვითრის გაცემის უფლების მინიჭებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა უზრუნველყოს ზემოთ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილ გამყიდველს ეგზავნება შეტყობინება ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ვალდებულების ყოველი შემდგომი დარღვევა იწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას (ჯარიმა 100 ლარის ოდენობით)



საქონლის შეფუთვა Tax Free-ით სარგებლობის დროს

სავაჭრო ობიექტმა ყურადღება უნდა მიაქციოს საქონლის შეფუთვასაც:

 

•  შეძენილი საქონელი შეფუთოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით;
•  Tax Free მაღაზიაში საქონლის გაყიდვისას გამყიდველი ვალდებულია საქონელი მოათავსოს სტანდარტულ ცელოფნის ან მუყაოს პარკში და დააკრას სპეციალური წებოვანი სტიკერი (ზომა 5:10 სმ) ისე, რომ სტიკერის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს საქონლის ამოღება.
•  Tax Free მაღაზიის გამყიდველი ვალდებულია მყიდველს განუმარტოს, რომ საზღვრის დატოვებისას საქონლის არასრულად წარმოდგენის, დაზიანებული შეფუთვის ან/და სტიკერის წარდგენის შემთხვევაში იგი ვერ დაიბრუნებს დღგ-ს Tax Free მაღაზიაში ნაყიდ საქონელზე.
•  Tax Free დასალუქი სპეციალური წებოვანი სტიკერის შეძენა სავალდებულოა და შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის-ცენტრში. ერთეული სტიკერის ფასია 0,35 ლარი

 



დამატებითი ინფორმაცია

უფლებამოსილმა გამყიდველმა უნდა განუმარტოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს Tax Free მომსახურებით სარგებლობის წესები. ამ მომსახურების გამოყენებისათვის საჭიროა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ ქვითარი არ გამოიწერება და, შესაბამისად, გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება:



•  მალფუჭებად საქონელზე.
•  სატრანსპორტო საშუალებაზე.
•  ოქროზე, რომლის მასა აღემატება 125 გრამს და რომელიც წარმოდგენილი არ არის სამკაულის (ნაკეთობის) სახით.
•  ძვირფას ქვებზე.
•  საქონელზე, რომლის გატანა საქართველოს ტერიტორიიდან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას, გარდა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვას დაქვემდებარებული საქონლისა.
•  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონლზე.


გადახდილი დღგ-ის თანხა შესაძლებელია დაუბრუნდეს მხოლოდ ქვითარში მითითებულ პირს თუ საქონლის შეძენიდან გასული არ არის 3 თვე. უცხოელს უბრუნდება გადახდილი დღგ-ის თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვითარში დაფიქსირებული საქონელი სრულად გაიტანება საქართველოს ტერიტორიიდან. სხვა შემთხვევაში გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება