მცირე ბიზნესისთვის დაბეგვრის ახალი შეღავათიანი რეჟიმი

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთა შემოსავლების დაბეგვრის ახალი წესი. კერძოდ:

  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-ით. ხოლო თუ მისი შემოსავალი გადააჭარბებს 500 000 ლარს, იგი დაიბეგრება 3%-ით გადაჭარბების დაფიქსირების თვის დასაწყისიდან მიმდინარე წლის დასრულებამდე. ამასთან, მომდევნო კალენდარული წლიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი კვლავ იბეგრება 1%-ით, თუ იგი არ გადააჭარბებს 500 000 ლარიან ზღვარს.
  • 500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად პირს მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში.
  • მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს.
  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დაიბეგრება პირის დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის გარეშე.
  • მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდან.
  • თუ პირს 2018 წლის 1 ივლისამდე უკვე მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და არ მოითხოვა მისი გაუქმება, იგი ამავე სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:
    • აწარმოოს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალი;
    • საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები;
    • საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავლებზე საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს და საშემოსავლო გადასახადს იხდის არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
  • 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე საგადასახადო პერიოდზე საგადასახადო დეკლარაცია წარედგინება არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილისა, 1 ივლისამდე მოქმედი წესითა და განაკვეთით. ხოლო 1 ივლისიდან პირი განახორციელებს ყოველთვიურ ანგარიშგებას, ახალი რეგუალციების შესაბამისად.
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებულ იმ შემოსავალზე, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6 000 ლარამდე ხელფასი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    • იგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის განმავლობაში;
    • მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი 50 000 ლარს არ აჭარბებს.


სხვა შემთხვევაში, მიღებული მომსახურების ანაზღაურებისას ან ხელფასის გაცემისას, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.

  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს ეკრძალება:
    • საქმიანობა, რომელიც საჭიროებს ლიცენზირებას ან ნებართვას.
    • სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
    • სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.
    • სათამაშო ბიზნესი.
    • პერსონალით უზრუნველყოფა.
    • აქციზური საქონლის წარმოება.
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მიუხედავად, მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაითვლება და სპეციალური რეჟიმით არ დაიბეგრება შემდეგი საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლები:

    • ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა.
    • სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.
    • სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.
    • ჩუქება.
    • უძრავი ქონების, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
    • მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი.
    • დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.
    • პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.
    • როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.
    • ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.
    • პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.
  • მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

    • პირის ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა;
    • პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე მიმართა.
    • შენიშვნა:  სტატუსი გაუქმებულად ითვლება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.
    • პირი ახორციელებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის განსაზღვრულ აკრძალულ საქმიანობას.
    • პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის.
    • შენიშვნა: სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
  • მარეგულირებელი აქტები:

    • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის დადგენილი დაბეგვრის პირობები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII თავით.
    • სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების წესი რეგულირდება 2010 წლის 31 დეკემბერის №999 ბრძანებით.
    • საქმიანობები, რომლის განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება, აგრეთვე შემოსავლის სახეები, რომელიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ სერვისცენტრს ან დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა: info@rs.ge
საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი: 2 299 299