საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი


საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის აღება შესაძლებელია ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ასევე საბაჟო დეპარტამენტში და გაფორმების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (გეზი „თბილისი“, გეზი „ბათუმი“, გეზი „ფოთი“, გეზი „აეროპორტი“, ქუთაისის, ახალციხის, რუსთავისა და თელავის განყოფილებები).
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად განაცხადი და საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფორმით (www.rs.ge).
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უფასოდ.

შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცემა:
  • საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატები:

    საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი - ფორმა „A” ▼

    საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი - CT-1 ▼

    საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი - EUR.1 ▼

  • საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი (certificate of origin)
    საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი ▼

     

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის პროცედურა

 

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge) განცხადება საბაჟო დეპარტამენტში, გაფორმების დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში, სადაც გსურთ სერტიფიკატის მიღება.
ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge აირჩიეთ ფანჯარა „განცხადებები“ - ,,ახალი განცხადება’’ - „სტატუსები/სერტიფიკატები/ცნობები“–„სერტიფიკატების გაცემა“ - „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა“, მიუთითეთ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, სადაც გსურთ წარმოშობის სერტიფიკატის აღება და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები.
ელექტრონულად ატვირთეთ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად საჭირო დოკუმენტები, ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება. გადაწყვეტილება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდზე www.rs.ge („ჩემი გვერდი“) და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 226 11 69; 226 11 74 (ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16).