სპეციალური სავაჭრო კომპანია

სპეციალური სავაჭრო კომპანია  არის საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ამ მიზნით შექმნილ საწარმოს, რეგისტრაციასთან ერთად, მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის. 

 

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისას გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 

უცხოურ საწარმოს, რომელიც  საქართველოში ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, უფლება აქვს, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და მხოლოდ ამ მუხლით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით დამატებით დაარეგისტრიროს განცალკევებული მუდმივი დაწესებულება. 

 

 სპეციალური სავაჭრო კომპანიას შეუძლია:

  • საბაჟო საწყობიდან განახორციელოს უცხოური საქონლის რეექსპორტი;
  •  საბაჟო საწყობში განახორციელოს უცხოური საქონლის მიწოდება როგორც სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე, ისე ამ სტატუსის არმქონე საწარმოებისთვის;
  • საბაჟო საწყობში შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ საბაჟო ღირებულებით შეისყიდოს უცხოური საქონელი სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსაგან;
  • ზემოთ გათვალისწინებული საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლის გარდა, მიიღოს სხვა შემოსავალი, მათ შორის:
    შემოსავალი, რომელიც საგადასახადო კოდექსით განთავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან;  
    შემოსავალი მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებიდან;  
    შემოსავალი, გარდა ზემოაღნიშნულისა, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან საგადასახადო პერიოდის (წლის) მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს და მის მიერ საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს (გადამეტება დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

 
სპეციალური სავაჭრო კომპანიას  ეკრძალება :

  • განახორციელოს საქონლის იმპორტი საქართველოში, გარდა ამ საწარმოს ძირითადი საშუალებისათვის განკუთვნილი იმპორტისა;

  • შემდგომი მიწოდების მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე შეისყიდოს საქართველოს საქონელი;

  • მომსახურება გაუწიოს საქართველოს საწარმოს/ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში

  • ჰქონდეს საბაჟო საწყობი;

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს (თბილისი, ალექსიძის ქ. N1) ან ნებისმიერ სერვის-ცენტრს, აგრეთვე, შესაძლებელია განცხადება გამოაგზავნოთ ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებ–გვერდიდან www. rs.ge