ინფორმაციის განახლების თარიღი: 28 თებერვალი 2014

 

დროებითი შემოტანა

რა დოკუმენტით ხორციელდება საქონლის დროებითი შემოტანა?
  • საქონლის დროებითი შემოტანა ხორციელდება:
    • სასაქონლო დეკლარაციით
    • ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით - მექანიკური ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოყვანისას
    • გამარტივებული დეკლარაციით - უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური ან პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი შემოტანისას
  • იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანისას:
    • ფიზიკური პირის დეკლარაციით – ფიზიკური პირის ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას
    • აღრიცხვის მოწმობით – უცხო ქვეყნის მოქალაქის/რეზიდენტის მიერ საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას
დამატებით რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო სასაქონლო დეკლარაციაზე?
  • სასაქონლო დეკლარაციაზე დამატებით წარედგინება:
    • საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი
    • საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი
    • საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები
    • სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები
    • საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:
      • საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება
      • ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი)
      • სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი
    • დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი − დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე
    • საჭიროების შემთხვევაში ლიცენზია /ნებართვა /სერტიფიკატი
ზოგადი დეკლარირების ვადები
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო  დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.
  • თუ ზოგადი დეკლარირების ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, დეკლარანტს მათ წარსადგენად ან საქონლის უკან გასატანად დამატებით ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას.
  • თუ ზემოაღნიშნულ ვადებში დეკლარანტმა არ წარმოადგინა შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, ან არ განახორციელა საქონლის უკან გატანა, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.
რა ვადებში უნდა მოხდეს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანა დანიშნულების ადგილზე?
  • საბაჟო გამშვები პუნქტიდან  დანიშნულების ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადებია:
    • სატვირთო ავტომანქანით შემოტანილ საქონელზე არა უმეტეს 10 კალენდარული დღე (100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით)
    • სარკინიგზო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე 10 კალენდარულ დღე
    • ნავთობპროდუქტების შემოტანისას 5 კალენდარული დღე
    • ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანისას 45 კალენდარული დღე
    • უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის შემოტანისას 90 კალენდარული დღე
რა უნდა იცოდეს სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დამატებით:
  • ავარიის ან სხვა ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს, მძღოლმა უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
  • სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (ან სხვა კონტეინერში) გადატვირთვა შესაძლებელია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ზედამხედველობით, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერის) დალუქვას და შესაბამის მონაცემებს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობაში.
  • თუ საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
რა ვადით შეიძლება მოექცეს საქონელი დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში?
  • დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემოსავლების სამსახური ადგენს განსხვავებულ ვადას.
შეიძლება თუ არა საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გაგრძელება და რა პროცედურები ხორციელდება ამისათვის?
  • დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე (3 წლის ფარგლებში).
  • საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.
დასაშვებია თუ არა დროებით შემოტანილი საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში?
  • საგადასახადო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, დასაშვებია დროებითი შემოტანილი საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში.
  • გადაცემა ხორციელდება საქონლის ახალი მფლობელის მიერ სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, რომელსაც თან ერთვის საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა.
  • დროებითი შემოტანის ვადა ,ასეთ შემთხვევაში, განისაზღვრება ზღვრული ვადის (3 წელი) ფარგლებში, რომელსაც აკლდება საქონლის დროებით შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ყოფნის დრო.
რა პროცედურები ხორციელდება იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანისას?
  • იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანისას დეკლარანტი:
    • ავსებს „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს“
    • გარანტიის სახით დებს იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას
როგორ იბეგრება ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანა?
  • ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანისას:
    • დღგ-ს განაკვეთი შეადგენს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე დროებითი შემოტანის თანხის - 0.54 პროცენტს (არაუმეტეს დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა)
    • იმპორტის გადასახადი შეადგენს - საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსების ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იმპორტის გადასახადის თანხის - 3 პროცენტს
    • დარიცხული დღგ-ის და იმპორტის თანხა გადახდილი უნდა იქნეს არა უგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა
    • ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს
    • დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.
  • საქონლის დროებითი შემოტანისას გადახდილი გადასახდელების თანხების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას გადასახდელი გადასახდელების ოდენობას
  • დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა და საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელებს შორის
შესაძლებელია თუ არა დროებით შემოტანილი საქონლის ნაწილ-ნაწილ გატანა?
  • დროებით შემოტანილი საქონლის გატანა შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით.
შესაძლებელია თუ არა დროებით შემოტანილი საქონლის შეცვლა?
  • დროებით შემოტანილი საქონელი უცვლელად უნდა იქნეს უკან გატანილი ან სხვა სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, გარდა ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა
რომელი საქონლის დროებითი შემოტანა არ შეიძლება?
  • დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში არ დაიშვება შემდეგი საქონლის მოქცევა: იხილეთ დანართი
რომელი საქონლის დროებითი შემოტანაა იმპორტის გადასახდელებისგან სრულად გათავისუფლებული?
  • დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით, შესაძლებელია მოექცეს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი უცხოური საქონელი: იხილეთ დანართი