ინფორმაციის განახლების თარიღი: 04 ივნისი 2013

 

რეექსპორტი

როდის არის შესაძლებელი რეექსპორტის განხორციელება?
რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს:
  • როდესაც საქონლის შემოტანისას, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე;
  • როდესაც განზრახულია:
  • საწყობის,
  • შიდა გადამუშავების,
  • დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;
  • როდესაც პირი საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოში შემოტანიდან (გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა) დადგენილ ვადაში წარადგენს გაფორმების ადგილზე (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოტანისა);
  • როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული:
  • სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოსვლიდან 45 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;
  • მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი ან მოტოციკლეტი 90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;
  • როდესაც ხორციელდება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან აღრიცხვის მოწმობის გაცემით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი;
  • როდესაც დადგინდება, რომ იმპორტში მოქცეულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს. ამ შემთხვევაში:
  • საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;
  • შესაძლებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს იმპორტში გაშვების დღიდან 6 თვეში;
  • სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნების თანხმობის დამადასტურებელი, მომწოდებლის წერილობითი დოკუმენტი (შესაძლებელია ასლის წარდგენა შემდგომში მისი ორიგინალის წარდგენის მოთხოვნით);
  • ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.
  • როდესაც იმპორტში მოქცეულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის იმპორტის საბაჟო დეკლარაცია ცნობილია ბათილად, ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად. ამ შემთხვევაში, საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხორციელდება „საქონლის დროებით შენახვის განაცხადის“ წარდგენით საქონლის დროებით შენახვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანამდე.
რა უნდა იცოდეს სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დამატებით:
  • ავარიისა ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია) საგადასახადო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
  • სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (ან სხვა კონტეინერში) გადატვირთვა შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ზედამხედველობით, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერის) დალუქვას და შესაბამის მონაცემებს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობაში;
  • თუ საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
როგორ ხორციელდება რეექსპორტის დეკლარირება?
  • საბაჟო გამშვებ პუნქტში სათანადო წესით დამოწმებული მოწმობის წარდგენით:
  • თუ არ არსებობს წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული ოპერაცია;
  • გაფორმების საგადასახადო ორგანოში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით:
  • საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გატანისას;
  • შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გატანისას;
  • დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით მოქცეული სასაქონლის გატანისას,
  • საქართველოს საქონლის რეექსპორტისას;
  • შენიშვნა: როდესაც საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა), დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში.
  • ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დროებით შემოტანილი საქონლის გატანისას ― დროებით შემოტანისას დამოწმებული ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენით;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით ― საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (და მისაბმელების) რეექსპორტისას;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ― შსს-ს მომსახურების სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (და მისაბმელების) რეექსპორტისას.
რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება
    საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება:
  • როდესაც ხორციელდება საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის ან საქართველოს საქონლის გატანა − სათანადოდ გაფორმებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ან ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით;
  • იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანისას – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან მოწმობით;
  • სხვა შემთხვევებში – დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ მოწმობის კონტროლიდან მოხსნით
  • რეექსპორტის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში − ახალი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით;
გადასახდელების დაბრუნება რეექსპორტისას
  • იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი;
  • დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტისას, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელებს შორის.
რა ვადებში უნდა მოხდეს საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანა დანიშნულების ადგილზე ?
საქონლის/სატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადები:
  • საბაჟო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
  • თუ საბაჟო საწყობში დროებით შენახულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
  • რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.