ინტელექტუალური საკუთრება
სასაქონლო ნიშანს აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. უძველესი დროიდან არსებობდა სპეციალური დამღები, რომელიც ეკუთვნოდა ამა თუ იმ პროდუქციის მწარმოებელს. “სასაქონლო ნიშნის” მზარდი მნიშვნელობა თანამედროვე კომერციულ საქმიანობაში განაპირობა გაძლიერებულმა კონკურენციამ იმ ფირმებს შორის, რომლებიც ეწევიან ბიზნესს ერთდროულად რამოდენიმე ქვეყანაში. სასაქონლო ნიშნების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან საქონლის მწარმოებელი, საქონლის ხარისხი და ფასი. სასაქონლო ნიშანი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი რეკლამა საქონლის მიწოდებისას და მომხმარებელსა მწარმოებელს შორის კონტაქტის დამყარების საშუალება. დაცული “სასაქონლო ნიშნის” საშუალებით შესაძლებელია სამომხმარებლო ბაზრის დაცვა ყალბი საქონლისგან. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საქართველოში სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლებების დაცვა, რაშიც მონაწილეობას იღებენ საბაჟო ორგანოები. დღეისათვის შემოსავლების სამსახურის მიერ დარეგისტრირებულია რამოდენიმე სასაქონლო ნიშანი და საბაჟო ორგანოები ახორციელებენ მათ იმპორტ-ექსპორტზე კონტროლს.
IPM – მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ინიციატივა
შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანილი ობიექტების მფლობელებს ან მათ წარმომადგენლებს გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო ადმინისტრაცია შეუერთდა ინტერფეისის საჯარო წევრებს (IPM – მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ინიციატივა).
IPM-ი შედგება „ნამდვილი/ყალბი (კონტრაფაქციული) საქონლის მონაცემთა ბაზისაგან“, რაც შესაძლებლობას აძლევს უფლების მფლობელებს, რომ ეკონომიკური საზღვრის ოფიცრებს წარუდგინონ მათი პროდუქციის ნამდვილი მონაცემები, ასევე ინფორმაცია, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას განასხვავონ „ნამდვილი“ და „გაყალბებული“ პროდუქცია.
IPM-ი არ ანაცვლებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, რაც გათვალისწინებულია განაცხადის შევსებისას, თუმცა ის წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას, რაც ეკონომიკური საზღვრის ოფიცრებს მისცემს საშუალებას წარმართონ შემდგომი პროცედურები კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ გსურთ, რომ თქვენი პროდუქცია IPM-ის მონაცემთა ბაზაში იქნეს განთავსებული, გთხოვთ მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტს დეტალური ინფორმაციის მისაღებად. ტელ: (+995)32 261175.