ინფორმაციის განახლების თარიღი: 26 ივნისი 2012

საქონლის გადაადგილება

ფიზიკური პირის მიერ  საზღვარზე საქონლის გადაადგილება

გადასახდელებისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ შემდეგი სახის პროდუქცია:

კალენდარულ დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი, მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (კვების პროდუქტები უნდა შედიოდნენ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებში და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციებში, და არ უნდა იყვნენ განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის)

  • უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის 15 000 ლარამდე ღირებულების საქონელი (სატრანსპორტო საშუალების, აქციზური საქონლისა და კვების პროდუქტების გარდა);
  • საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას შემოტანილი საქონელი (მათ შორის, ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება);
  • ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან;

30 კალენდარულ დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი (საქონელი უნდა შედიოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებში და არ უნდა იყოს განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის)

საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი (საქონელი უნდა შედიოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებში და არ უნდა იყოს განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის)

გადასახდელებისაგან აგრეთვე გათავისუფლებულია საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის  მათ შორის ფოსტის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში:

  • 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი;
  • 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი

დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი:

  • ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი (ღირებულებისა და რაოდენობის მიუხედავად);
  • არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი, რომლის რაოდენობა ან/და ღირებულება არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ შეღავათებს;
  • იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა; ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერება; ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში; მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი; მცენარე და ცხოველი (მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქცია); მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობა ან კავშირგაბმულობის საშუალება; რადიოაქტიური მასალა. (მოცემულ საქონელზე მოითხოვება შესაბამისი სერტიფიკატი ან/და ნებართვა)
  • ნაღდი ფული (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკები და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულება აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.