მომსახურების დეპარტამენტის დებულება
იძულებითი ღონისძიებების სამმართველო
1. საგადასახადო დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლით და 254-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადება საგადასახადო დავის პერიოდში) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება. საბანკო დაწესებულებებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება;
გ) შესაბამისი ღონისძიებების გატარება იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადახდას და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების განხორციელება;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე ჩარიცხვის შემდგომ, შესაბამის სახაზინო კოდებზე თანხების განაწილება – გადასახადის სახეების მიხედვით;
ე) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვისა და მონიტორინგის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება) განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და მისი ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება;
ბ) დაყადაღების (აღწერის) აქტის შედგენის და ქონების აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირისთვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებათა შერჩევითი მიწოდება;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მისგან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგებზე ინფორმაციის მიღება;
დ) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაციაზე ან სარგებლობის უფლებით გაცემაზე შემოსული განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ე) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაციაზე შემოსული განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების/გაუქმების შესახებ შემოსული განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ზ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებათა/ხელშეკრულებათა შესრულებაზე კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, სათანადო რეაგირების განსახორციელებლად ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
თ) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე გადასახადის გადამხდელთა მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდება;
ი) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
კ) მონიტორინგი გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე, საგადასახადო შემოსავლების კლებაზე/ზრდაზე;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.