მომსახურების დეპარტამენტის დებულება

გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ორგანიზების პროცესის კოორდინაცია, გადამხდელთა მომსახურების სრულყოფასა და გამარტივებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
ბ) სერვისცენტრების ერთიანი, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, სერვისცენტრების პრობლემების კვლევა და მათი გადაწყვეტის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) სერვისცენტრების თანამშრომელთა დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება, სერვისცენტრების თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, წინადადებების მომზადება;
დ) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის სრულყოფის მიზნით, სათანადო ორგანოებიდან ინფორმაციის მიღება, გადამხდელთა სარეგისტრაციო ბაზასთან შედარება და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღება;
ე) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის (Tax Free) გაცემის უფლების მინიჭებასთან/გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანა. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის XIX1 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას, შესაბამისი რეაგირება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ვ) კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვისას, სათანადო მომართვის საფუძველზე, შესაბამის პირთა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის მიწოდება;
ზ) ბანკის და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღება უცხოური საწარმოს ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
თ) ქონების გადასახადის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვა;
ი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატების ლუქების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად, მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე გაცემის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;
კ) ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების შეძენის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად, მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე გაცემის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;
ლ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი საქონლის შეფუთვაზე დასაკრავი სპეციალური წებოვანი სტიკერების (Tax Free-ს სტიკერი) შეძენის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად, მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე გაცემის უზრუნველყოფა;
მ) აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება, აქციზური მარკების გაცემაზე ინფორმაციის დამუშავება, აქციზური მარკების ბეჭდვასა და მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი, აქციზური მარკების დიზაინზე და დამცავ ნიშნებზე წინადადებების მომზადება, აქციზური მარკებით პროდუქციის ნიშანდების წესის განსაზღვრაზე წინადადებების მომზადება;
ნ) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით;
ო) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობასთან, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ობიექტის ადგილმდებარეობაში ცვლილების განხორციელებასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
პ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ელექტრონულად გაცემა;
ჟ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარება და ანალიზი. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;
რ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, გაუქმებასთან და ჩამორთმევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. შესაბამისი მოწმობის გაცემა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრის წარმოება. საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
ს) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. რეზიდენტობის ცნობის გაცემა;
ტ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემა. ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემა;
უ) ფინანსური ინსტიტუტისათვის – საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსათვის – საერთაშორისო საწარმოს სტატუსის, საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსათვის – სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი რეესტრების წარმოება;
ფ) გადასახადის გადამხდელისათვის მსხვილი გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებათან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;
ქ) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად („ოქროს სიაში“ შესაყვანად) კანდიდატთა შერჩევა, კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, „ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი;
ღ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან, ცვლილებების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ყ) მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
შ) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და წარდგენა;
ჩ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვების მიზნით, გადაწყვეტილების მიღებასთან, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში მომხმარებელთა დაშვების მიზნით, საბანკო გარანტიის მიღება და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარანტორის მიმართ შესაბამისი რეაგირება;
ც) „საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის“ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მესამე ქვეყანაში ტვირთის არგატანის შესახებ საჭირო საგარანტიო წერილების შედგენა-გაგზავნა;
ძ) TIR რეჟიმში გაწევრიანებასა და TIR მფლობელის სტატუსის მაძიებელი პირისათვის არსებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციაში წარსადგენად;
წ) საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრების წარმოება; (16.01.2012 N 410)
წ1) საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის მომზადება; (16.01.2012 N 410)
ხ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;
ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ჰ1) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ჰ2) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. გადამხდელთა მომსახურების სამმართველო, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა, სხვა ფუნქციებს ახორციელებს სერვისცენტრების მეშვეობით.
3. სერვისცენტრების (გარდა მარნეულის, ოზურგეთის და ზესტაფონის სერვის-ცენტრებისა) ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვა (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა), საგადასახადო აღრიცხვაში ცვლილებების შეტანა და გადასახადის გადამხდელებზე რეგისტრაციისათვის აუცილებელი სარეგისტრაციო ფორმების გაცემა;
ბ) ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების მოთხოვნაზე განაცხადის მიღება და გადასახადის გადამხდელზე ლუქების გაცემა;
გ) დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;
დ) საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა და საკონტროლო-სალარო აპარატისთვის „დაკარგულის“ სტატუსის მინიჭება;
ე) გადასახადის გადამხდელთა უზრუნველყოფა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით;
ვ) დეკლარაციების და კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების სხვა ფორმების მიღება, დაპაკეტება და, კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადაგზავნა. ასევე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღება და ინფორმაციის დამუშავების სამმართველოში გადაგზავნა;
ზ) საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღება და ინფორმაციის დამუშავების სამმართველოში გადაგზავნა;
თ) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფ მიწაზე ქონების გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღება, სათანადო დასკვნის მომზადება და ინფორმაციის დამუშავების სამმართველოში გადაგზავნა;
ი) ბანკის და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღება უცხოური საწარმოს ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
კ) გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტების გაფორმება;
ლ) ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელისაგან წარდგენილი განცხადების მიღება და შესაბამისი რეაგირება;
მ) შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნების დალუქვა;
ნ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი საქონლის შეფუთვაზე დასაკრავი სპეციალური წებოვანი სტიკერების მოთხოვნაზე განაცხადის მიღება და Tax Free-ს სტიკერების გაცემა;
ო) ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტების რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვადის გაგრძელება და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა;
პ) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია;
ჟ) ელექტრონულად წარმოდგენილი დეკლარაციების დამოწმებული ასლის გაცემა;
რ) ფიზიკურ პირებზე შეცდომით მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის გაუქმება და პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანება;
ს) სავარაუდო წესით დარიცხული თანხების მოხსნის თაობაზე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული განცხადების განხილვა, სათანადო წესით დასკვნის გაფორმება და, კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადაგზავნა;
ტ) გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს დაქვემდებარებული მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება; (2.04.2012 N 5526)
უ) კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირების განცხადებების მიღება და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) დარეგისტრირება;
ფ) ფიზიკურ პირთა ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადების მიღება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
ქ) დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებზე დაბეგვრის უფლების გამოყენების თაობაზე განცხადების მიღება;
ღ) გასაუქმებლად წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისთვის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) „გაუქმებულის“ სტატუსის მინიჭება და გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის წარდგენა;
ყ) GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა;
შ) დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა;
ჩ) გადასახადის გადამხდელის მომსახურების პროცესში წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი გადაწყვეტის მიზნით, შესაბამისი რეაგირება;
ც) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ძ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
4. მარნეულის, ოზურგეთის და ზესტაფონის სერვისცენტრები ახორციელებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.
5. სერვისცენტრები ვალდებული არიან უზრუნველყონ ამ დებულებით მათ კომპეტენციაში შემავალი მომსახურების გაწევა ნებისმიერ გადასახადის გადამხდელზე, მიუხედავად ამ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის/სახელმწიფო რეგისტრაციის ადგილისა.