აუდიტის დეპარტამენტის დებულება

რისკების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელთა გასვლითი საგადასახადო შემოწმებისათვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირთა შერჩევის ელექტრონული სისტემის და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;
ბ) კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზი, რისკის ფაქტორების განსაზღვრა, საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, მათი შედარება საგადასახადო მონაცემებთან. წარუდგენელი დეკლარაციების შესახებ ინფორმაციის მიღება (მათ შორის, სპეციალურად შექმნილი ელექტრონული მოდულის მეშვეობით) და დამუშავება;
გ) შემოსავლების სამსახურიდან მიღებული რანჟირებული სიის ან/და სხვა სათანადო, ასევე სხვადასხვა ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით, რისკის მქონე გადასახადის გადამხდელებთან ჩასატარებელი გასვლითი ან/და კამერალური საგადასახადო შემოწმებების განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დამუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
დ) გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების შემუშავების მიზნით, ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგების განზოგადება, სისტემატიზაცია და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოსაყენებელი რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის მუშაობაში მონაწილეობა, მონიტორინგი და ანალიზი;
ვ) პოსტაუდიტის განხორცილებისათვის, გადამხდელის ან/და დეკლარირებული საქონლის შესახებ წინასწარი ინფორმაციის დამუშავება/ანალიზი, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა, სისტემაში რისკების მართვის შესაბამისი ელემენტების ინტეგრირება და მონიტორინგი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;
თ) ,,ოქროს სიის“ მონაწილეთა საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისას რისკების მართვის სისტემის გამოყენების კოორდინაცია;
ი) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის და სხვა ხელმისაწვდომი ბაზების მუშაობის მონიტორინგი. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში რისკის პროფილების და შემთხვევითი შერჩევის პარამეტრების ინტეგრირება. არსებული რისკის პროფილების და შემთხვევითი შერჩევის პარამეტრების შეცვლა ან გაუქმება;
კ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურებისას საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა და ამ დოკუმენტაციის გადამოწმება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, გადამოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
ლ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისას და შესრულებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ამ დოკუმენტაციის გადამოწმება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, გადამოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
მ) საინფორმაციო ბაზების, საგადასახადო სტატისტიკის მონაცემების, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ნ) დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი აქტებიდან ,,შემთხვევითობის პრინციპით“ ხარისხის კონტროლის სამმართველოსათვის გადასაცემი აქტების შერჩევა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
პ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.