საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
დებულება
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საბაჟო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.
2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
4 . დეპარტამენტს აქვს ბეჭედი.
5 . დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №11301 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 3. დეპარტამენტის ურთიერთობა მესამე პირებთან
1. დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოა.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.
3. დეპარტამენტი დამოუკიდებელია თავისი მოვალეობის შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
მუხლი 4. უფლებამოსილების დელეგირება
1. ცალკეული საკითხის გადაწყვეტისას დეპარტამენტის უფროსის მიერ შესაძლებელია დეპარტამენტის თანამშრომელზე დელეგირებულ იქნეს უფლებამოსილება.
2. დეპარტამენტის თანამშრომელს ეკრძალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის დაკისრებული ვალდებულების ან მინიჭებული უფლებამოსილების სხვა თანამშრომლისათვის გადაცემა.
მუხლი 5. დეპარტამენტის ფუნქციები
1. დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და გადადგილებაზე საბაჟო კონტროლს;
ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტებში სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებას;
გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას;
დ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაციას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელებას;
ვ) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სტაციონარული მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარებას;
ზ) სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობას, პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და მასში მონაწილეობას;
თ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი (მათ შორის, დადგენილი კვოტის ზევით, რომელიც უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი) ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას, ნებართვის გაუქმებას და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;
ი) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას, სერტიფიკატში ცვლილების შეტანას და სერტიფიკატის გაუქმებას;
ი1) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების/მათი ქვედანაყოფების მიერ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის კოორდინაციას;
კ) საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლის სპეციალური საშუალებების (მათ შორის, სკანერების, სამოსამსახურეო დანიშნულების ძაღლების და სხვ.) დანერგვასა და გამოყენებას, მიღებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირებას;
ლ) ფარმაცევტული პროდუქტის საგადასახადო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაციას და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდებას;
მ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელებისას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას;
ნ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი ავტომატიზებული სისტემა „Tracker 7“-ის საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაციას ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით;
ო) საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
პ) საბაჟო გამშვებ პუნქტებში სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურებას;
ჟ) საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის გაფორმებისას ან/და სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელებას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ან/და საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით;
რ) გაფორმებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
ს) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავებას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით;
ტ ) გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვას ;
უ) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოებას;
ფ) საგადასახადო მომსახურების მიმდინარე საქმიანობაზე ონლაინ-რეჟიმში კოორდინაციის გაწევას და მუდმივი მონიტორინგის განხორციელებას;
ქ) მონიტორინგის შედეგების ანალიზს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას რიგების აღმოფხვრის, საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
ღ) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებას და დაშვების გაუქმებას;
ღ1) საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობას, მის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შემუშავებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და ანალიზს;
ყ) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების გაცემას ბარათების რეალიზატორ პირებზე, გაცემული ბარათების აღრიცხვას და რეალიზაციის კონტროლს;
ყ1) თავისუფალი ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;
ჩ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, მასში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.
3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით დასკვნების მომზადებას და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტისათვის მიწოდებას.
4. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების (მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მომზადების) სწრაფად და ეფექტურად გაწევის მიზნით:
ა) დეპარტამენტის უფროსი განსაზღვრავს საკონსულაციო საბჭოს წევრის (დეპარტამენტის თანამშრომლის) კანდიდატურას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს;
ბ) დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე უშუალოდ ახორციელებს პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის წინაშე დასმული საკითხის შესწავლისა და დამუშავების კოორდინაციას, დეპარტამენტის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით;
გ) საკონსულტაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად უზრუნველყოს მრჩევლის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება, აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან საბოლოო პოზიციის შეთანხმება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 30 ივნისის ბრძანება №3539 -ვებგვერდი,12.07.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №9743-ვებგვერდი, 14.11.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №11688-ვებგვერდი, 04.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №10535 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №12533 - ვებგვერდი, 21.08.2012წ.
მუხლი 6. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებას;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას; საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის და თანამშრომელთა მიერ შესაბამისი ფუნქციების შესრულების თაობაზე;
დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე ;
ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს ;
ზ) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;
თ) იღებს გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებისა და დაშვების გაუქმების თაობაზე;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მის მოვალეობას , შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით , ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ - ერთი მოადგილე.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ლოჯისტიკის სამმართველო;
ბ) ანალიზისა და მეთოდოლოგიის სამმართველო;
გ) მონიტორინგისა და რისკების მართვის სამმართველო;
დ) სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველო;
ე) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“;
ვ) საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“;
ზ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი“;
თ) საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი;“
ი) საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“;
კ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“;
ლ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო“;
მ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“;
ნ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“;
ო) საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“;
პ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“;
ჟ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“;
რ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“;
ს) (ამოღებულია - 05.10.2012, №20124);;
ტ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“;
უ) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი“.
ფ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი“.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ სტრუქტურული ქვედანაყოფია ექსპერტიზის განყოფილება;
ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ სტრუქტურული ქვედანაყოფია რკინიგზის განყოფილება.
გ)საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ სტრუქტურული ქვედანაყოფია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №6366 - ვებგვერდი,11.08.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №11688-ვებგვერდი, 04.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 იანვრის ბრძანება №410-ვებგვერდი, 01.03.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 ივლისის ბრძანება №10898 - ვებგვერდი, 12.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №12251 - ვებგვერდი, 20.08.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №20124 - ვებგვერდი, 08.10.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №24715 - ვებგვერდი, 28.11.2012წ.