საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) დავების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.
2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №11301 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები
1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სამსახურის წარმომადგენლობას სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;
ბ) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას;
გ) საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
დ) შემოწმების აქტის პროექტებთან და ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული გადასახადის გადამხდელების მოსაზრებების განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფას;
ე) გადასახადის გადამხდელების მოსაზრებების განხილვის შედეგებზე შესაბამისი რეკომენდაციის პროექტის მომზადებას;
ვ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვას და შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას;
ზ) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადებას და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;
ი) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.
2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.
21. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების (მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მომზადების) სწრაფად და ეფექტურად გაწევის მიზნით:
ა) დეპარტამენტის უფროსი განსაზღვრავს საკონსულტაციო საბჭოს წევრის (დეპარტამენტის თანამშრომლის) კანდიდატურას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს;
ბ) დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე უშუალოდ ახორციელებს პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის წინაშე დასმული საკითხის შესწავლისა და დამუშავების კოორდინაციას, დეპარტამენტის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით;
გ) საკონსულტაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად უზრუნველყოს მრჩევლის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება, აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან საბოლოო პოზიციის შეთანხმება.
3. დავების დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის – როგორც დავების განმხილველი ორგანოს და სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანოს – მედიაციის საბჭოს აპარატს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანება №6331 - ვებგვერდი, 27.04.2012წ. შ
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №10535 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დავების დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;
ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;
ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სასამართლო დავების სამმართველო;
ბ) საჩივრების სამმართველო:
ბ.ა) მედიაციის განყოფილება;
გ) საგადასახადო შეთანხმებების სამმართველო.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანება №6331 - ვებგვერდი, 27.04.2012წ.