საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის დებულება

ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) იურიდიული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №11301 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ბ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზებას;

გ) განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

დ) სამსახურში სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავებას;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

თ) შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანოს – სათათბირო საბჭოს ორგანიზაციული
საკითხების უზრუნველყოფას.

2. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების (მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მომზადების) სწრაფად და ეფექტურად გაწევის მიზნით:

ა) დეპარტამენტის უფროსი განსაზღვრავს საკონსულაციო საბჭოს წევრის (დეპარტამენტის თანამშრომლის) კანდიდატურას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს;

ბ) დეპარტამენტის უფროსი/მოადგილეები უშუალოდ ახორციელებს/ახორციელებენ პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის წინაშე დასმული საკითხის შესწავლისა და დამუშავების კოორდინაციას, დეპარტამენტის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით;

გ) საკონსულტაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად უზრუნველყოს მრჩევლის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება, აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან საბოლოო პოზიციის შეთანხმება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №10535 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №23755 - ვებგვერდი, 07.11.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №27645 - ვებგვერდი, 11.12.2012წ.

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანმდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;

ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №23755 - ვებგვერდი, 07.11.2012წ.