საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.
2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №11301 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები
1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სამსახურის სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;
ბ) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვას;
გ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;
დ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვას;
ე) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადებას;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;
ზ) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღებას, განაწილებას, კონტროლს;
თ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ურუნველყოფას და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზებას;
ი) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზებას და კონტროლს;
კ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელებას;
ლ) სამსახურში საარქივო საქმიანობის წარმართვას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;
ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.
2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;
ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;
ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საფინანსო სამმართველო;
ბ) შესყიდვების სამმართველო;
გ) სამეურნეო სამმართველო:
გ.ა) აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის განყოფილება;
გ.ბ) ტრანსპორტის მართვისა და უზრუნველყოფის განყოფილება.
დ) საქმისწარმოების სამმართველო;
ე) საარქივო სამმართველო;
ვ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველო.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 12 მარტის ბრძანება №3559 - ვებგვერდი, 19.03.2012წ.