საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №11301 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 
მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საკადრო საქმისწარმოებას, სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებას;

ბ) სამსახურში არსებული სამუშაო ადგილების ანალიზს, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადებასა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავებას;

გ) თანამშრომელთა შეფასებას, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზს;

დ) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;

ე) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლს;

ვ) სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადებას;

ზ) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვას, თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევას;

თ) სამსახურში სტაჟირების გავლის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტაჟირების გავლის ორგანიზებას, სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს სამსახურის მიერ შერჩეული ორგანიზაცია;

1) შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის ორგანიზებას;
2) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხის ამაღლებას;

ი) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგის საჭიროების კვლევასა და ანალიზს;

კ) სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

მ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №8476 - ვებგვერდი, 11.03.2013წ. მუხლი 4.

 

 

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ადამიანური რესერსების დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;

ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №26207 - ვებგვერდი, 03.12.2012წ.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ბ) ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველო ;

გ) (ამოღებულია - 01.03.2013, №8476);

დ) (ამოღებულია - 01.03.2013, №8476);

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 მარტის ბრძანება №2796 - ვებგვერდი, 06.03.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №5542 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №8476 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.